სახელმწიფო და ეკლესია

  საქართველImageოში ისტორიულად ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთობა ეფუძნებოდა ქრისტიანულ მოძღვრებას. კერძოდ, იგი მდგომარეობს იმაში, რომ სახელმწიფო და ეკლესია არიან ურთიერთდამოუკიდებელი სუბიექტები, რომლებიც აქტიურად თანამშრომლობენ თავის ქვეშევრდომთა (მრევლის) საკეთილდღეოდ. როგორც წესი, ისინი არ ერევიან ერთმანეთის საქმიანობაში, მაგრამ გამონაკლისის სახით სახელმწიფოს უფლება აქვს ჩაერიოს ეკლესიის საქმიანობაში, თუ ამას მოითხოვს შექმნილი ვითარება (პოლიტიკური, ეკონომიკური და სხვა). თუმცა, რაღა თქმა უნდა, სახელმწიფოს არ აქვს უფლება ამ „ჩარევის“ დროს გადაუხვიოს საეკლესიო სამართლის ნორმებს. მას, უბრალოდ, შეუძლია მოგვევლინოს როგორც კანონმდებელი საეკლესიო სამართალში. მართლმადიდებლური მოძღვრების თანახმად, ღმრთივგვირგვინოსანი და მირონცხებული მეფე იწოდება ეკლესიის გარე ეპისკოპოსად, ამიტომაც მას აქვს იგივე უფლებები, რაც მღვდელმთავარს (პატრიარქს). მეფეს მხოლოდ ღვთისმსახურების აღსრულების უფლება არ აქვს. ყურადსაღებია ერთი გარემოება: სახელმწიფოს საეკლესიო კანონმდებლობის უფლება ენიჭება მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, თუ მისი წყობილების ფორმა არის მონარქია (ნებისმიერი სახის). დანარჩენ შემთხვევაში სახელმწიფოს შეუძლია მხოლოდ შეასრულოს კანონიკური სამართლის მოთხოვნა. იგივე ითქმის ქრისტიანობის სახელმწიფო სარწმუნოებად გამოცხადების შესახებაც.

თანამედროვე ცივილიზებულ დასავლეთში არსებობს სამი მოდელი სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ურთიერთობისა. 1. სეპარაცია, ანუ სახელმწიფოსა და ეკლესიის სრული გამიჯვნა (აშშ, საფრანგეთი, ჰოლანდია); 2. სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის შეთანხმების მოდელი (ესპანეთი, იტალია); 3. „სახელმწიფო ეკლესიის” მოდელი (საბერძნეთი, ინგლისი, სკანდინავიის ქვეყნების ნაწილი).

სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ურთიერთობის საკითხი ოდითგანვე მნიშვნელოვანი იყო. მათ ისტორიას შორის ზღვრის გავლება საოცრად რთულია, რადგან ისინი ერთმანეთის გარეშე წარმოუდგენელიც კი არიან. ქართულმა სახელმწიფომ და ეკლესიამ თავისი მრავალსაუკუნოვანი არსებობის მანძილზე უაღრესად რთული და ძნელი გზა განვლო. დიდი მსხვერპლი იქნა გაღებული იმისათვის, რომ სახელმწიფოს დამოუკიდებლობა, ეკლესიას კი, თავისი სიწმინდე შეენარჩუნებინა.

ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებამ უაღრესად დიდი როლი შეასრულა არა მარტო ქართლის და მთისა და ბარის მოსახლეობის ერთ მთლიან ერად ჩამოყალიბებაში, არამედ საქართველოს კუთხეების მოსახლეობის დაახლოებისა და ერთიანი ქვეყნის შექმნის საქმეში. ქრისტიანობის შემოსვლამ დააჩქარა ფეოდალური ურთიერთობების დამკვირდება, ამიტომ იგი საზოგადოებრივი განვითარების ამ ეტაპზე უსათუოდ პროგრესული მოვლენა იყო. ამასთან, იგი წიგნიერი რელიგია იყო და შესაბამისად, ხელს უწყობდა ერთიანი ქართული კულტურის, ენისა და სახელმწიფოს განვითარებას.

სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ურთიერთობის დილემა დღესაც მეტად აქტუალურია. განსაკუთრებული სიმწვავით დგას საკითხი სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლების შესახებ.რწმენის თავისუფლება ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია. გასაკვირი არაა, რომ აღმსარებლობის შესახებ ნორმათა ადგილი ქვეყნის უძირითადეს კანონში,- კონსტიტუციაშია მოთავსებული. საინტერესოა,ატომ განეკუთვნება აღნიშნული საკითხი კონსტიტუციის მიერ რეგულირებად ურთიერთობათა წრეს და რატომ არ შეიძლება მისი მოწესრიგება უფრო დაბალი რანგის ნორმატიული აქტების მეშვეობით..? პასუხი ალბათ ის არის,რომ ცნობიერის განვითარების თანამედროვე ეტაპზე, სხვადასხვა მიზეზების გამო საზოგადოების წინაშე ხშირად იჩენს თავს აღმსარებლობისა და მისი თავისუფლების საკითხი და, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, თავისი არსით, იღებს პრობლემურ ხასიათს და უფრო მეტიც,სხვადასხვა წრეებში დავის საგნად იქცევა ხოლმე. თუკი იმ გარემოებასაც გავითვალისწინებთ, რომ რელიგიის თავისუფლება საყოველთაოდ აღიარებულია და, ამასთან ამ ნიშნის მიხედვით დაუშვებელია ადამიანთა დისკრიმინაცია, იმთავითვე აშკარა ხდება, რომ სწორედ კონსტიტუცია უნდა აწესრიგებდეს უძირითადეს დებულებას აღმსარებლობის თაობაზე, ხოლო კანონმდებლობა (ნებისმიერი ნორმატიული აქტი) და სახელისუფლებო საქმიანობა, რა სფეროშიც არ უნდა იყოს იგი რეალიზებული, მას უნდა შეესაბამებოდეს.

რწმენის თავისუფლება ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია. საქართველოს კონსტიტუციაში ისეთი დებულებები, რომლებიც უშუალოდ რელიგიას, მის თავისუფლებას ეხება, სამ მუხლშია გაბნეული (მე9,მე-14, მე19 მუხლები). მაგრამ ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ ისინი მოწოდებულნი არიან კომპლექსური მოქმედებისაკენ, ვინაიდან სამივე მათგანი ერთ იდეური ხაზის შემადგენელ ელემენტს წარმოადგენს.

საქართველოში 2002 წლიდან მოქმედებს სახელმწიფოსა და მართლმადიდებელ ეკლესიას შორის ურთიერთობის განმსაზღვრელი სამართლებრივი დოკუმენტი, “კონკორდატი”. კონსტიტუციური შეთანხმება ხელმოწერილ იქნა 2002 წლის 14 ოქტომბერს სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში, წმ. სინოდმა დაამტკიცა 17 ოქტომბერს, ხოლო პარლამენტმა – 22 ოქტომბერს.

კითხვაზე,თუ როგორია დღეს საპატრიარქოსა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობები სხვადასხვა მოსაზრება არსებობს. ერთნი ამბობენ, რომ საქართველო ერთ-ერთი გამორჩეული სახელმწიფოა მთელი ევროპის მასშტაბით, სადაც განსაკუთრებით არის დაცული და უზრუნველყოფილი სახელმწიფოს ძირითადი რელიგიის  უფლებები. საქართველოს მთავრობის მხრიდან ეკლესიისთვის დახმარება უდავოდ დიდია. ქართული საზოგადოებისთვის მართლმადიდებელი ეკლესიის როლი ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო, როგორც სასულიერო, ისე საერო ცხოვრებაში. ამის ნათელი დადასტურებაა იმ არა ერთი კვლევის შედეგი, რომელიც საქართველოში ტარდება. კითხვაზე თუ ვინ არის ყველაზე დიდი ავტორიტეტი საქართველოში 90%-ზე მეტი
ეკლესიისა და მისი მეთაურის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ილია მეორის სასარგებლოდ
სცემს პასუხს. ეს ყველაფერი კი იმის ფონზე,როდესაც პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი აცხადებს,რომ  ” მიუხედავად ქართული სახელმწიფოსა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის თითქმის 15 საუკუნოვანი ისტორიისა, უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენს სახელმწიფოსა და ეკლესიას პრაქტიკულად არა აქვთ თანამედროვე სახელმწიფოში ურთიერთობების გამოცდილება. დღეს ორივეს მოღვაწეობა უხდება თვისობრივად ახალ გარემოში.უნდა გავიაზროთ, რომ ქრისტიანობისაგან დამოუკიდებლად ვერ შეიქმნება თავისუფლებაზე დაფუძნებულ ფასეულობათა სისტემა (ფაქტია, დღემდე ვერსად ვერ შეიქმნა.), რაც, თავის მხრივ, აუცილებელია თავისუფლებაზე დაფუძნებული პოლიტიკური სისტემის შესაქმნელად. ქრისტე ჯვარს აცვა „უსულო“ (უღირებულებო, უადამიანო) კანონებზე დაფუძნებულმა სახელმწიფო სისტემამ. ამიტომ, „უსულო“ კანონის უზენაესობა ყველაზე დიდი ბოროტებაა.არანაკლები ბოროტებაა სახელმწიფოს მართვა ბიბლიით ნაცვლად კონსტიტუციისა. ქრისტეს არაფერი უთქვამს სახელმწიფოზე, კულტურაზე, საზოგადოებაზე, ერზე, ისტორიაზე, უფლებებზე. იგი საუბრობდა ადამიანზე და არა რაიმე ნიშნით გაერთიანებულ და ორგანიზებულ ადამიანთა ერთობებზე.”   https://www.youtube.com/watch?v=VQpwyvhtBUs

ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით აშკარაა,რომ ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთობა მეტად საფრთხილო თემაა და მისი მოწესრიგებისას აჩქარება არ ვარგა. მით უმეტეს,როცა საქმე გვაქვს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან, რომელსაც ქვეყნის ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი უკავია. მართლმადიდებელი ეკლესია ყოველთვის იყო ქართული  სახელმწიფოებრიობის საძირკველი. საქართველოს ეკლესია ყოველთვის საქართველოს ერთიანობის სადარაჯოზე დგას. უკანასკნელ დროს განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ ცხადყო და დაადასტურა ეს ფაქტი. რუსეთი, მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთისა და “სამხრეთ ოსეთის” დამოუკიდებლობას ცნობს, იძულებულია აღიაროს ეს ტერიტორია საქართველოს სამოციქულო ეკლესიის იურისდიქციის ქვეშ.

თამარ ქარელი.

29მაისი, 2014წელი

 

 

რატომ ვერ გახდა “მწვანეთა პარტია” წამყვანი ძალა საქართველოში..???

10264529_755970267798785_324911114_n
გლობალური მწვანე პოლიტიკა
მწვანეთა პარტიები ადრეულ 70–იან წლებში ჩაისახა, 80–იან წლებში კი, გაიზარდა და ჩამოყალიბდა.  პირველ ეკოლოგიურ პოლიტიკურ პარტიად ავსტრალიის გაერთიანებული ტასმანიის ჯგუფი ითვლება,რომელიც 1972 წლის მარტში შეიქმნა, როგორც კაშხლების საწინააღმდეგო, დაცვის კამპანიის ჯგუფი. თუმცა მათ მიიღეს მხოლოდ 3%–იანი მხარდაჭერა საპარალმენტო არჩევნებში და ვერ მიაღწიეს თავიანთ მიზანს დაეცვათ პედერის ტბა, მათ იმპულსი მისცეს მწვანეთა პარტიების ფორმირებას მსოფლიოში.დღეს მწვანე პოლიტიკა გლობალური მოვლენაა. მისი მთავარი ფოკუსი გარემოს დაცვაა, რათა მოხდეს პლანეტის ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების შენარჩუნება მომავალი თაობებისთვის. თუმცა, მწვანე პოლიტიკა თავისთავად უფრო მეტია ვიდრე უბრალოდ გარემოს დაცვა.

მწვანე იდეოლოგია, როგორც პოლიტიკური იდეოლოგია,მიზნად ისახავს ჩამოაყალიბოს მდგრადი
საზოგადოება, რომელიც ეფუძნება გარემოს დაცვას, სოციალურ ლიბერალიზმსა და მონაწილეობით
დემოკრატიას. შესაბამისად, ეყრდნობა რამდენიმე ძირითად პოსტულატს, მათ შორის:

1. ეკოლოგია – მწვანე პოლიტიკის მთავარი და ამოსავალი წერტილი არის ეკოლოგიური პოლიტიკა,
რომელიც მოგვცემს საშუალებას დავიცვათ დედამიწა მომხმარებლური დამოკიდებულებისგან და
ვუზრუნველყოთ მომავალი თაობებისთვის უსაფრთხო გარემოს შენარჩუნება;

2. სოციალური სამართლიანობა – გარემოს დაცვა არ შეიძლება განხორციელდეს ღარიბების ხარჯზე
და/ან მიგვიყვანოს სოციალურ უთანასწორობამდე;

3. მონაწილეობითი დემოკრატია – მწვანე პოლიტიკის თანახმად აუცილებელია ხალხის
მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღებაში.
გლობალური მწვანე პოლიტიკა ემხრობა დეცენტრალიზაციას, რითიც ის ძირეულად განსხვავდება
ტრადიციული სოციალისტური იდეოლოგიისაგან, რომელიც ძირითადად საზოგადეობის ცენტრალიზებულ
მართვას ემხრობა.

4. არა-ძალადობას – მწვანე პარტიათა შეხედულებები ეფუძნება სამშვიდობო მოძრაობებს და
ეწინააღმდეგება ომს, იარაღით ვაჭრობის და ძალის გამოყენებაზე დამყარებულ გადაწყვეტილების
მიღების გზებს.

მწვანეები იზიარებენ ძირითად ფილოსოფიას, რომლის ცენტრალური ამოსავალი წერტილი ადამიანების
ბუნებასთან დამოკიდებულებაა.მწვანე ფილოსოფიის თანახმად, ადამიანის და სხვა ბუნების შვილთა სიცოცხლე და კეთილდღეობა დედამიწაზე, თავისთავად ღირებულებაა. ეს ფასეულობები მნიშვნელოვანია იმისდა მიუხედავად თუ რა სარგებლობა მოაქვს დედამიწას და მის რესურსებს კაცობრიობის მიზნებისთვის, შესაბამისად, კაცობრიობას არა აქვს უფლება გაანადგუროს დედამიწაზე არსებული რესურსების (როგორც ბიოლოგიური, ასევე არაბიოლოგიური) მრავალფეროვნება საკუთარი სასიცოცხლო მიზნების დაკმაყოფილებისთვის. მწვანეებს მიაჩნიათ, რომ მათ უნდა შეუნარჩუნონ მომავალ თაობებს დედამიწაზე არსებული მრავალფეროვნება.

 

10268361_755970387798773_253134046_n
საქართველოს მწვანეები

 

საქართველოს მწვანეთა პარტია ერთ-ერთი უძველესი პოლიტიკური ორგანიზაციაა საქართველოში,რომელიც სათავეს ეროვნული მოძრაობიდან იღებს. პარტიის ძირითადი პრინციპები  შესაბამისობაში მოდის ევროპის “მწვანეების” მიზნებსა და პრინციპებთან. გარდა ამისა მათთვის მნიშვნელოვანია:

1) საშინაო პოლიტიკაში -“ჭეშმარიტად დემოკრატიული და ერთიანი სახელმწიფო,ეკოლოგიურად და ეკონომიკურად მდგრადი,ჰუმანური,სულიერად და ფიზიკურად ჯანსაღი,სამართლიანი საზოგადოებით”

2) საგარეო პოლიტიკაში კურსი – “რეგიონალური თანამშრომლობიდან ევროინტეგრაციამდე”.

     

საქართველოს მწვანეთა პარტია მიზნად ისახავს ისეთი საზოგადოების შექმნას, “რომელშიც ყოველი ადამიანი უზრუნველყოფილი იქნება ჯანსაღი, სუფთა და უსაფრთხო გარემოთი, რომელიც ჰარმონიულად შეუხამებს ურთიერთს ამჟამინდელი და მომავალი თაობების ინტერესებსა და მოთხოვნილებებს. საზოგადოება, რომელიც ორიოდ ათწლეულში არ ამოწურავს საუკუნეებისთვის განკუთვნილ რესურსებს, რომელშიც ადამიანი კი არ იარსებებს სახელმწიფოსთვის, არამედ სახელმწიფო – ადამიანისათვის, სადაც ყოველ მოქალაქეს ექნება საკუთარი შესაძლებლობების სრულად გამოვლენის საშუალება; საზოგადოება, რომლისთვისაც თითოეული ადამიანის სიცოცხლე უდიდესი ფასეულობა იქნება”

გარდა იმ საყოველთაოდ აღიარებული მიზნებისა და იდეებისა ,რაც გულისხმობს დემოკრატიზმის პრინციპების აქტიურ მხარდაჭერას საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში. საქართველოს მწვანეებისათვის ასევე პრიორიტეტულია:

რეალური საპარლამენტო სახელმწიფოს შექმნა.

ხელისუფლების დეცენტრალიზაცია: ფართო ადგილობრივი თვითმმართველობით.

ყველასათვის ხელმისაწვდომი განათლება.

საბაზრო მექანიზმებისა და ჯანსაღი კონკურენციის დამკვიდრება.

უსაფრთხო,სტაბილური ეროვნული მეურნეობის  განვითარება.

მეცნიერების,როგორც ერთ-ერთი პრიორიტეტული სფეროს წახალისება და ხელშეწყობა და სხვა.

ასევე საქართველოს მწვანეთა პარტიისათვის მნიშვნელოვანი და ღირებულია ეროვნული ფასეულობები,რადგან ეროვნული კულტურა გარემომცველ სამყაროსთან მრავალათასწლოვანი,მშვიდობიანი თანაარსებობისა და შეგუების უნიკალურ გამოცდილებას შეიცავს.

დაბოლოს,ქვეყნის წინაშე არსებული ეკოლოგიური,ეკონომიკური,სოციალური თუ ნებისმიერი სხვა პრობლემის საბოლოო გადაჭრის აუცილებელ წინაპირობად საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და დამოუკიდებლობის განმტკიცება მიაჩნიათ.

არაფერია ზემოთ მოყვანილ მიზნებში ისეთი, რაც აპრიორი ეწინააღდეგება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. მაშ, რა ახსნა უნდა მოეძებნოს იმ ფაქტს, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესებთან ასე ახლოს მდგარი იდეოლოგია ვერ სარგებლობს პოპულარობით ქვეყანაში მაშინ,როდესაც ”მწვანეები” ერთ-ერთ წამყვან ძალად ითვლებიან და დიდი პოპულარობით სარგებლობენ არა ერთ ქვეყანაში. ევროპის მწვანეებმა ევროპარლამენტის არჩევნებზე ხმების უპრეცენდენტო რაოდენობა მიიღეს. მათმა წინასაარჩევნო სლოგანმა :”იფიქრე ფართოდ, აირჩიე მწვანეები” არნახული შედეგი გამოიღო ”მწვანეების” ისტორიაში.

 

ყოველივე ზემოთქმულის ფონზე საინტერესოა რატომ ვერ შედგა მწვანეთა პარტია საქართველოში? რატომ მოხვდა პოლიტიკური სივრცის მხოლოდ მარგინალურ ფლანგზე პარტია, რომელსაც თავიდან ჰქონდა საკმარისი ადამიანური რესურსიც და იდეებიც, რომ გადაქცეულიყო არა მხოლოდ კლასიკურ ოპოზიციად, ანდა თუნდაც არასაპარლამენტო, მაგრამ აქტიურ პარტიად, რომელიც საზოგადოებას ეკოლოგიურად ინოვაციურ ხედვებს შესთავაზებდა..? ამ კითხვების პასუხად,როგროც მინიმუმ სამი მიზეზი შეიძლება დავასახელოთ

პირველი მიზეზი ეს არის პარტიის არც თუ ისე დიდი ცნობადობა საზოგადოებაში,რაც შესაძლოა განპირობებული იყოს პარტიის სახელწოდებით,რომელიც ერთ კონკრეტულ მიმართულებაზე აკეთებს აქცენტს და არაფერს მიანიშნებს მისი მემარცხენეობა-მემარჯვენეობის შესახებ. ასევე არაქარიზმატული ლიდერის არსებობა. საქართველოში ადამიანები მხარს უჭერენ იმ პოლიტიკურ პარტიებს, რომელთა ლიდერების მიმართაც არიან ნდობითა და პატივისცემით განწყობილნი. შესაძლოა ”მწვანეთა ” პარტიის ლიდერი გიორგი გაჩეჩილაძე პოპულარობით სარგებლობს მოსახლეობის ნაწილში,მაგრამ არა იმდენად რომ ამან პარტიის ცნობადობასა და პოპულარობაზე დადებითად იმოქმედოს(განსხვავებით მაგალითად,ლეობორისტული პარტიისაგან.რომლის დღევანდელი მდგომარეობა  დიდწილად ნათელაშვილის ფაქტორმა განაპირობა).

მეორე მიზეზი – დღეს საქართველოში სადაც ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით 160 000-მდე ქართული ოჯახი სიღარიბის ზღვარს ქვემოთაა ადამიანებითვის სხვა ფასეულობებია უფრო მნიშვნელოვანი.ეს ყველაფერი კარგად გამოჩნდა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პარტიების პლატფორმებში.მიუხედავად საარჩევნო სუბიექტების განსხვავებულობისა ისინი ერთმანეთის მსგავსი მოწოდებებდითა და დაპირებებით გამოდიოდნენ. დღეს აქტუალურია შემდეგი თემები: დასაქმება,სამხედრო სფერო,ჯანდაცვა, განათლება. ეს ჩამონათვალი წარმოადგენს ისეთ პრობლემებს,რომლებიც ქართველების უმრავლესობას აწუხებს.სწორედ ამიტომ პარტიებმა კარგად მოარგეს ხალხის ინტერესები თავიანთ წინასაარჩევნო პროგრამებს და განსხვავებით “მწვანეთა პარტიისაგან” მათი გულის მოგებაც ადვილად შეძლეს.

საზოგადოებაში “მწვანეები” რატომღაც მხოლოდ ბუნების დაცვასთან ასოცირდება. ამის ფონზე არ უნდა გაგვიკვირდეს თუ სოციალურდ გაჭირვებული მოსახლეობისათვის, მწვანეთა პარტიის მოწოდებები- ეკოლოგია,დემოკრატია,არაძალადობა არ აღმოჩნდა მიმზიდველი.ამის საპირისპიროდ საკმაოდ ეფექტურად იმუშავა  ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წინასაარჩევნო პლატფორმამ: ”მეტი სარგებელი ხალხს” და კოალიცია ”ქართული ოცნების” ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის მოწოდებებმა: ”ღირსეული დასაქმება ყველას” ,”ცვლილებები რეალური შედეგებისთვის” და სხვა.

მესამე მიზეზი არის საქართველოს  “არამწვანე” მდგომარეობა. დღეს როდესაც ვხედავთ,რომ ჩვენი ქვეყნისათვის პრიორიტეტულია ბუნებრივი რესურსების მაქსიმალურად ათვისების პოლიტიკა. როდესაც ხუდონჰესის მშენებლობით მიღებული ეკონომიკური სარგებელი ადამიანზე,როგორც მიზანზე მნიშვნელოვანია, როდესაც ვაკის პარკში დაგეგმილია სასტუმროს მშენებლობა,რომელიც ბუნებრივია “ჟანგბადს არ გამოყოფს” და მისი აშენებით მიღებულ “ფულს ვერ ისუნთქებ”.. ალბათ არც საზოგადოების დაბალი ინტერესი და უმოქმედობა უნდა იყოს გასაკვირი ამ საკითხების მიმართ.

დაბოლოს უნდა აღინიშნოს,რომ ბოლო პერიოდში ერთადერთი გადადგმული ნაბიჯი ამ მიმართულებით გახლავთ პატრიარქის ინიციატივა, “საქართველოს გამწვანების ფონდის” შექმნასთან დაკავშირებით.თუმცა საფიქრებელია,რომ ვერც აღნიშნული ფონდი შეძლებს ჩვენი ქვეყნის “გამწვანებას” და რეალური “მწვანე მუშტის”საჭიროებაც უფრო ცხადი და საჭირო გახდება.

 

თამარ ქარელი

23აპრილი. 2014 წელი.